6/24/2012

„ზაგარს" ქართულად რუჯი-„ზაგარი", როგორც სტატუსი






ვიცი, „ზაგარს" ქართულად რუჯი ჰქვია, მაგრამ ჩვენ ყველანი მაინც „ზაგარს" ვეძახით, გარუჯვას კი „ზაგრის" მიღებას ან „დაზაგვრას" და „გაზაგვრას". თანაც, რადგანაც ეს თემა საერთო სახალხო პრობლემად იქცა, მეც საერთო სახალხო ენაზე ვწერ, ყველას გასაგებად.
„დავუბრუნოთ ლეღვის ფოთოლს თავდაპირველი დანიშნულება", „ლეღვის ფოთლის ნახარში", „ლეღვის ფოთლის ნახარშით დამწვართა ანონიმური კლუბი"-ეს გვერდები Facebook-ზე ალბათ ბევრ თქვენთაგანს შეხვდა და ისიც იცით რატომ..."ზაგრის" მიღების მიზნით, საქართველოში გოგოებმა ლეღვის ფოთლის ნახარშის გადავლება დაიწყეს. ყველა მათგანმა საავადმყოფოში საგზური და მაღალი ხარისხის დამწვრობა „გაინაღდა", ბოლო 2 მსხვერპლი დამწვრობის ცენტრში ორი დღის წინაც მიიყვანეს. არ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ ლეღვის ფოთლების ნახარში სახიფათოა, რომ მავნე ქიმიურ რეაქციებს იწვევს, რომ სხეულის 70% იწვება და ა.შ. ამაზე უკვე ისაუბრეს... მე უფრო ის მაინტერესებს, რა არის ის, რის გამოც გოგოები მზად არიან დასაწვავად, წინასწარ იციან, რომ საავადმყოფოში აღმოჩნდებიან, სხეულზე იარები დარჩებათ, შესაძლოა სამუდამოდაც, მაგრამ მაინც მზად არიან თავგანწირვისთვის და ტანჯვისთვის.

აქამდე მეგონა, რომ ასეთი გმირული საქციელი მხოლოდ ცოტნე დადიანმა ჩაიდინა, თანაც სამშობლოსთვის, ქალებს კი პატრიოტული მოტივის გარდა დაუფიქრებლად თავგანწირვა შვილის, ან ჯანდაბას ჰა, საყვარელი მამაკაცის გამო შეეძლოთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საამისოდ თურმე „ზაგარიც" საკმარისი მოტივია...მოდი, უფრო განვმარტავ: ამ შემთხვევაში თვითონ „ზაგარი" კი არ არის მთავარი, არამედ ის სანუკვარი სტატუსი, რომელიც ქუჩაში „ძაააან მაგარი ზაგრით" გასვლისას ავტომატურად გენიჭება.
საქართველოში „ზაგრის" ბუმია, თანაც უკვე რამდენიმე წელია. ქართველი გოგოების დიდი ნაწილი მას პირდაპირ „ვემონებით". გულწრფელად ვფიქრობ, რომ ნამზეური ლამაზია, ზაფხულსაც უხდება, მეც და გოგოების უმეტესობასაც, მაგრამ ის, რომ გიხდება და ლამაზია სულაც არაა მთავარი.



ითვლება, რომ თუ ზაგარი გაქვს „სვეცკი" ხარ, სხვა გოგოებზე მთელი 5 თავით მაღლა დგახარ... მოკლედ, სტატუსი გაქვს, რომელიც უფრო ყოვლისშემძლეა, ვიდრე თუნდაც ძვირადღირებული ბრენდების სამოსში თავიდან ფეხებამდე გამოწყობა, მაგარი მანქანა ან ტელეფონი. თანაც, არამარტო ქალების, მემგონი კაცების თვალშიც... ეს ლეღვის ფოთლებიც ამ სტატუსმა გახადა პოპულარული, ისევე როგორც სახურავებსა და ფანჯრის რაფებზე წოლა, თანაც, შუადღის მზის ქვეშ, როცა გამოსხივება განსაკუთრებით სახიფათოა...
დიახ, „ზაგარი" არის სიხარულის, სევდის, შურის, თავდაჯარებულობის, აღტაცებისა და ბედნიერების მომნიჭებელი! გაიხსენეთ აბა რამდენჯერ შეგშურებიათ გოგოსი, რომელიც თქვენზე შავია? რამდენჯერ აღტაცებულხართ, როცა უთქვამთ, რომ „აი პროსტა, ძააან მაგარი ზაგარი გაქვს", რამდენჯერ და რამდენით გაზრდილა ამ სიტყვების შემდეგ თქვენი თვითდაჯერების კოეფიციენტი, რამდენჯერ გაგფუჭებიათ ხასიათი იმის გამო, რომ აჭარაში კვალავ წვიმს, მზის გარეშე კი „ზაგარს" ვერ მიიღებთ და პირიქით - რამდენჯერ გაუბედნიერებიხართ მზის სხივებს...
შარშან ჩემი ერთი ნაცნობი ქმართან და დედამთილთან ერთად ბათუმში იყო ჩასული. დედამთილი ინგლისელია, ჰოდა, როცა ქალბატონმა ჯინამ ქართველი გოგოები მზეზე დილიდან საღამომდე გაუნძრევლად გაშოტილები ნახა, სრულიად გულწრფელად იკითხა: რამე კონკურსში მონაწილეობენ? ასე რატომ წვალობენო.. კონკურსია აბა რა, ხუმრობა ხომ არ არის „დაზაგრულის" სტატუსის მოპოვება? უნდა იწვალო, იტანჯო, ინერვიულო და სანატრელ ფერზე დადგე!
მე გამიმართლა: შავგვრემანი ვარ და მზეზე ორჯერ გადატრიალება სანუკვარი სტატუსის მოსაპოვებლად მყოფნის, მაგრამ ერთმა ჩემმა მეგობარმა უზარმაზარი ფიზიკური, მატერიალური თუ სულიერი რესურსის ხარჯვის მიუხედავად, ვერაფრით მიიღო საოცნებო შოკოლადისფერი. ეუბნებიან, რომ ვერასდროს მიიღებს მაგალითად ჩემნაირ ფერს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ კანის სხვა პიგმენტაცია აქვს, მაგრამ ჩემი მეგობარი არ ნებდება, საათობით წევს მზეზე, უდრტვინველად და წარბშეუხრელად იტანს პაპანაქება სიცხეს მხოლოდ იმიტომ, რომ შეწითლდეს და ორ დღეში ისევ გათეთრდეს. არადა, რას ერჩის, უხდება ეს სითეთრე...
საერთოდაც ამ სახურავებმა, ლეღვის ფოთლებმა, სტატუსებმა, „სვეცკაობამ" სულ სხვა იდეა შთამაგონა: „ზაგრის საწინააღმდეგო ასოციაციია თუ საზოგადოება უნდა დავაარსო და კანის სითეთრეს ძველი დიდება დავუბრუნო. მერე რა, რომ ასეთ შემთხვევაში ჩემი სტატუსი მნიშვნელოვნად დაიწევს... ასე რომ, ძირს „ზაგარი", არანაირი „ზაგარი", გაუმარჯოს თეთრ, ქათქათა ქალებს!